четверг, 12 апреля 2012 г.

შპს-ს დირექტორის შიდა პასუხისმგებლობა, საგადასახადო სანქცია როგორც ზიანი, საკუთარ თავთან დადებული და მოჩვენებითი გარიგებები (ამონარიდი კონკრეტული სა

შპს-ს დირექტორის შიდა პასუხისმგებლობა, საგადასახადო სანქცია როგორც ზიანი,
საკუთარ თავთან დადებული და მოჩვენებითი გარიგებები

(ამონარიდი კონკრეტული სამოქალაქო საქმის მაგალითზე)


_ სესხის ხელშეკრულებაზე დარიცხული სარგებლის ზიანად მიჩნევის საკითხზე.


შ. ბახტაძის მიერ შპს ,,ტალანტთან” დადებული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა დადგენილია როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაზეც მოსარჩელეებს პრეტენზია არ წამოუყენებიათ. რაც შეეხება სარგებელს, ცხადია, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოავლინა საზოგადოების პარტნიორთა(მოსარჩელეთა) ნება საბინაო მშენებლობისათვის კაპიტალის მოსაზიდად საბანკო კრედიტის მიღების აუცილებლობის თაობაზე, რაც ასახულია საქმეში მოთავსებული 2005 წლის 16 ივლისის პარტნიორთა კრების #1 ოქმში, სადაც მითითებულია პარტნიორთა გადაწყვეტილება: შპს ,,ტალანტის” საკუთრებაში არსებული ბათუმში, ერას ქ. #88-ში მდებარე 9 სართულიანი სახლის 7 ბინა(საერთო ფართით 2520 კვ.მ) დაიტვირთოს იპოთეკით, რის საფუძველზეც შპს ,,ტალანტის” დირექტორმა შ. ბახტაძემ გააფორმოს საკრედიტო ხელშეკრულება ბანკთან 300 000 აშშ დოლარის მისაღებად( ტ. 5. ს.ფ. 36.). ასევე საქმეში მოთავსებულია 2001 წლის 21 მარტის პარტნიორთა კრების ოქმი #6, რომლითაც ასევე გადაწყდა, რომ მშენებარე სახლის 2000კვ.მ. ფართობის ნაკვეთი დაიტვირთოს იპოთეკით, რომლის საფუძველზედაც გაფორმდეს საიპოთეკო ხელშეკრულება სამშენებლო მასალების მიწოდებაზე შპს ,,ტალანტსა” და შპს ,,ილპ”-ს შორის. აქვე აღნიშნულია(პ.2), რომ საიპოთეკო და სხვა ხელშეკრულებების დადებისას შპს ,,ტალანტის” სრულუფლებიანი წარმომადგენლობა დაეკისროს შპს ,,ტალანტის” დირექტორს შ. ბახტაძეს(აქვე, ს.ფ.34). ასევე საკრედიტო-საიპოთეკო ხელშეკრულების გადაწყვეტილებაზე და მისი დადების ნებართვის გაცემაზეა საუბარი პარტნიორთა კრების 2003 წლის 30 აგვისტოს #2 ოქმში(აქვე, ს.ფ. 31).
ამასთანავე, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ საბანკო კრედიტის აღება ვერ მოხერხდა, ასევე სხვა საიპოთეკო ხელშეკრულების გაფორმება, გარდა შპს ,,ილპ”-ისა. შესაბამისად, თუკი პარტნიორებს გამოხატული ჰქონდათ ნება და ამ მიმართებით სრულფასოვან უფლებამოსილებას ანიჭებენ დირექტორს ზოგადად, ნებისმიერ კრედიტორ-სუბიექტთან საიპოთეკო სესხის ხელშეკრულებების გაფორმების ამოცანის შესასრულებლად, ცხადია პარტიორების ნება გამოხატულად ჩაითვალა ასევე კრედიტორ შ. ბახტაძიდან სესხის მიღების თვალსაზრისით. ის ფაქტი, რომ შ. ბახტაძემ ნამდვილად ასესხა თანხა საწარმოს, მხარეთა მიერ პროცესულაურად სადავო არაა. მოსარჩელეს მხოლოდ გააჩნია პრეტენზია და მიიჩნევს, რომ ეს სესხი არასარგებლიანი(უპრეცენტო უნდა ყოფილიყო). ყურადსაღებია, რომ შ. ბახტაძის სესხი იპოთეკით არ ყოფილა უზრუნველყოფილი, ასევე სარგებლის სახით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად ნაკლებია იმ პერიოდში არსებულ საბანკო-სასესხო საპროცენტო განაკვეთზე. ის გარემოება, რომ შ. ბახტაძემ საწარმოზე სესხი გასცა სარგებლითურთ, აღნიშნულზე ინფორმირებულები იყვნენ პარტნიორები. სხვა დასკვნა არც შეიძლება გამომდინარეობდეს ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და იმის გათვალისწინებით, რომ საქმიან ურთიერთობებში ნებისმიერი ფულადი განაცემი დაკავშირებულია სარგებელთან.




_ საგადასახადო სანქციების ზიანად მიჩნევის საკითხზე.


საგადასახადო სანქციები საწარმოსათვის დაკისრება განაპირობა ფულადი სახსრების უქონლობამ. თუმცა ამით საწარმოსათვის დამდგარი უარყოფითი ეფექტი დირექტორის საწარმოსადმი სუბიექტურ დამოკიდებულებას არ გამოუწვევია. ფულადი სახსრების უქონლობა გამოწვეული იყო იმ ობიექტური მიზეზების გამო, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას თავისუფალი ფულადი სახსრები საწარმოში ობიექტური, საწარმოო აუცილებლობით გამოწვეული მიზეზებით გამო ვერ ხდებოდა. ეს გარემოება დგინდება საქმეში არსებული საბუღალტრო ექსპერტიზით, სადაც განმარტებულია, რომ საწარმოს შემოსავალში აღნიშნული თანხები დაუყოვნებლივ მოხმარებას განიცდიდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მშენებლობა არ გაჩერებულა, მას არც სხვა რაიმე შეფერხება გასჩენია. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საწარმოსადმი სამშენებლო სამუშაოების შეყოვნებას უფრო მეტი ზიანი მოტანა შეეძლო, ვიდრე სახელმწიფო გადასახადების დროულ გადაუხდელობას, რაც მკაფიოდ ვლინდება საგადასახადო სანქციების ოდენობის შეფარდებით სამშენებლო მასალათა მომწოდებელ ფირმებთან გაფორმებული ხელშეკრულებების სანქციების ნაწილებთან, საკრედიტო ხელშეკრულებებით დარიცხული პროცენტული სარგებლის ოდენობებთან და ა.შ. თავისთვად, რაც უფრო გაჭიანურდებოდა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, მით უფრო გვიან მოხდებოდა მასში განთავსებუი ბინების რეალიზაცია და ამით მიღებული თანხებით კრედიტორების გასტუმრება. ხოლო მშენებლობის დასრულებამდე არ შეჩერდებოდა კრედიტორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე სარგებლის დარიცხვისა და გადახდის ვალდებულება. აღნიშნული საკითხის გამოკვლევა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების მტკიცებულებათა შეფასების ფარგლებში ვერ მოხვდა, რამაც შექმნა იმის წარმოდგენა, რომ იგი დაუსაბუთებელია და ამავდროლად უსამართლო.

უსამართლობის განცდა მით უფრო მძაფრდება, თუ გავაანალიზებთ იმ ლოგიკურ დამოკიდებულებას, რაც შ. ბახტაძის, როგორც საწარმოს დირექტორის საქმიანობის შეფასებას უნდა მოჰყოლოდა. როგორც საქმის მასალებით და განსაკუთრებით საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, სასამართლოს მიერ შეფასდა შ. ბახტაძის დირექტორობის მთელი პერიოდი. შესაბამისად, უნდა შეფასებულიყო შ. ბახტაძის საქმიანობის როგორც უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის, ისე დადებით ეფექტის მონაცემები და მომხდარიყო მათი შედარება. მოცემულ შემთხვევაში შ. ბახტაძის მიერ მშენებლობის დროს დაზოგილი ფულადი სახსრების ოდენობა(თვითღირებულების შემცირება) მნიშვნელოვნად აღემატება საგადასახადო სანქციებით დაკისრებულ თანხებს. ზოგადად, საგადასახადო სანციები კიდეც რომ მივიჩნიოთ საწარმოს ზიანად, იგი ვერ გამოდგება უშუალოდ საწარმოს დირექტორის მიერ მიყენებული ზიანის კვალიფიკაციისთვის, რადგან ზოგადად, სამეწარმეო ორგანიზაციის საქმიანობა, როგორც წესი, უკავშირდება როგორც დადებით ისე უარყოფით ეფექტებს(შედეგებს), შეუძლებელია საწარმოს ფუნქციონირება ყოველთვის და ყველა მიმართულებით წარმატებით სრულდებოდეს, მაგრამ თუკი საწარმოს უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი(საგადასახადო სანქციებით დამდგარი ზარალი) დროის გარკვეულ შუალედში(დირექტორობის პერიოდი) აღემატება დადებით ეკონომიკურ ეფექტს(თვითღირებულების შემცირებით მიღებული სარგებელი) და ამ ზიანის დადგომა დირექტორის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიმსჯელოთ საწარმოს ხელმძღვანელის მიერ მიყენებული ზიანის კვალიფიკაციაზე. თავისთვად დამდგარი უარყოფითი ეფექტის განმაპირობებელი უშუალოდ დირექტორის არამართებული თუ არამიზანშეწონილი გადაწყვეტილები და მოქმედები უნდა იყოს(მიზეზ-შედეგობრივი კავშირი).

განსახილველ შემთხვევაში, საბუღალტრო დასკვნით დადგენილია საწარმოს ხელმძღვანელის საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებში ხარვეზები, შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალი, თუმცა ეს ეკონომიკური ზარალი შეიძლება ჩაითვალოს თუ არა იურიდიულ ზიანად, ამ საკითხს თავისთავად ექსპერტი ვერ განსაზღვრავდა, რადგან ეს წმინდა იურიდიული შეფასების საგანია და ამის ირგვლივ სასამართლოს უნდა ემსჯელა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ. ბახტაძის შპს ,,ტალანტის” დირექტორობის პერიოდში საწარმოსათვის მიყენებული ზიანის კვალიფიკაცია მოითხოვს შემდეგი ელემენტების კუმულაციას:

1. საგადასახადო სანქციები გამოწვეული იყო თუ არა შ. ბახტაძის, როგორც მენეჯერის, სუბიექტური და არამიზანშეწონილი მოქმედებებითა და გადაწყვეტილებებით(მიზეზობრივი კავშირი);

2. შ. ბახტაძის მიერ მშენებლობაში დაზოგილი ფულადი სახსრები(თვითღირებულების შემცირება) აღემატება თუ არა საწარმოსათვის საგადასახადო სანქციებით დაკისრებულ თანხებს;

3. რა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა საწარმოსათვის: მშენებლობის დროულად დასრულებისათვის ყოველგვარი წყაროდან მიღებული ფულადი სახსრების მობილიზება და ამით მზარდი საკრედიტო ვალდებულებების შეწყვეტა თუ საგადასახადო ვალდებულებების დროულად დაფარვა.
აღნიშნული საკითხების სამართლებრივი შეფასებით ცალსახად დგინდება, რომ შესაძლებელია, საგადასახადო ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობამ წარმოშვა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები, თუმცა საერთო ჯამში ამას საწარმოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითად უარყოფითად არ უმოქმედია, ვინაიდან მშენებლობის დროულად დასრულებით თავიდან იქნა აცილებული გაცილებით დიდი მოცულობის საკრედიტო ვალდებულებები. ამასთან მშენებლობა შ. ბახტაძის მხრიდან ნაწარმოები იქნა მაქსიმალური ეკონომიურობით, ხარჯვითი ნაწილის უნარიანად შემცირებით, რამაც ასაშენებელი სახლის თვითღირებულება მნიშვნელოვნად შეამცირა. შესაბამისად ამით გაიზარდა საწარმოს რეალური მოგება, რასაც ადგილი ჰქონდა აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ცალკეული ბინების რეალიზაციისას. აღნიშნულმა გარემოებამ ასევე იმოქმედა სარეალიზაციოდ გატანილი ბინების ფასის დადგენაზე, ვინაიდან საწარმოო აუცილებლობა საკრედიტო ვალდებულებების დროულად შესრულების ამოცანიდან გამომდინარე მოთხოვდა ბინების დროულ რეალიზაციას პრაქტიკულად სარეალიზაციო ფასებში, თუმცა ამასთანავე სახელშეკრულებო ფასის დადგენისას გათვალისწინებული იქნა სახლის საერთო თვითღირებულება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ თუკი საწარმოს დირექტორის _ შ. ბახტაძის საქმიანობით, რამაც ერთის მხრივ გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საგადასახადო სანქციები, ხოლო მეორეს მხრივ საწარმოს ძირითადი ამოცანის _ ბინის მშენებლობის ეკონომიურად, დროულად და ხარისხიანად დასრულება, საკითხი იმის შესახებ თუ საერთო ჯამში შ. ბახტაძის ქმედებებით საწარმომ უფრო მეტი სარგებელი მიიღო თუ ზარალი, უნდა დადგინდეს სარგებლისა და ზარალის ურთიერთშეფარდებით. ამ წესით თუკი გავითვალისწინებთ აუდიტ ბაკაშვილის დასკვნის შედეგებსა და მას შევადარებთ სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის შედეგებს, თვალნათელი გახდება რომ შ. ბახტაძის საქმიანობით საწარმომ უფრო მეტი მოგება ნახა, ვიდრე ზარალი.

აქვე დამატებით თქვენს ყუდადღებას შევაჩერებთ იმაზე, რომ იურიდიული პირის მიერ დამატებითი ღირებულების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში ხდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. გადახდის დროს დგება ამავე კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რაც წარმოადგენს მტკიცებულებას მოცემული დავის გადაწყვეტისათვის. საპირისპიროდ, დღგ-ს გადაუხდელობის გამო საწარმოსათვის დაკისრებული ვალბებულებები და სანქციები ასევე უნდა აისახოს შესაბამის ადმინისრაციულ აქტებში - გადასახადებისა და სანქციების დაკისრების შესახებ გადაწყვეტიელებებსა და საგადასახადო მოთხოვნებში. ასეთი სახის მტკიცებულებები, გარდა ერთი შემთხვევისა - დეკლარაციის დაგვიანებით წარმოდგენისათვის ჯარიმის _ 30545.6 ლარის დაკისრების გარდა(ტ.5. ს.ფ. 29) - საქმის მასალებში მტკიცებულების სახით არ მოიპოვება. სასამართლოს ამ ინფორმაციის მიწოდების წყაროც კი არ გაურკვევია, ისე მიიჩნია დადგენილად შპს ,,ტალანტი’’-ს მიმართ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი(სასამართლო პრაქტიკისათვის: საქმე #ას- 249 -234 -2011. 21 ივლისი, 2011 წელი. ქ.თბილისი , სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი(თავმჯდომარე, მომხსენებელი), ბ. ალავიძე, თ. თოდრია).

მოცემული საკითხის კიდევ უფრო სიცხადისათვის თუ დავუშვებთ იმის შესაძლებლობას(იურიდიული ფიქცია), რომ საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობით საწარმოს მიერ განცდილი ზიანი მისმა ხელმძღვანელმა შ. ბახტაძემ უნდა აანაზღაუროს, ამ პირობებში დაისმის შეკითხვა, რა ბედი უნდა ეწიოს იმ სარგებელს, რაც გამომდინარეობს იქედან, რომ შ. ბახტაძის ყაირათიანი მმართველობის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი აშენდა უფრო იაფად, ვიდრე ეს თავდაპირველად შედგენილი ხარჯთაღრიცხვით იყო პარტიორების მიერ ნავარაუდევი და რეზულტატური გამოთვლებით დაადგინა აუდიტმა ბაკაშვილმა. თავისთავად, შ. ბახტაძე საწარმოს საქმიანობის უნარიანი გაძღოლის შედეგად წარმოშობილ დადებით ეფექტს(სარგებელს( საწარმოს ვერ მოსთხოვს, ვინაიდან ეს ზოგადად მისი, როგორც დირექტორის შრომით-სამართლებრივი ვალდებულების შესრულების შედეგია და ამ ნიშნით, შრომითი ხელშეკრულების მხარეები , როგორც წესი, განსხვავებულ პირობებზე დამატებით არ შეთანხმებულან. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით არ განსაზღვრულა დირექტორის საქმიანობის უარყოფითი ეფექტებისადმი(ზარალის) პერსონალური პასუხისმგებლობის პირობები. ამიტომ, თუ გამოვიყენებთ სამოქალაქო ზიანის საერთო დეფინიციას( მუხლი 412. ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა) ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ცხადი გახდება, რომ შ. ბახტაძეს საკუთარი მოქმედებით ცდილობდა მაქსიმალურად ეკონომიურად, მეწარმის მომჭირნეობით ეხელმძღვანელა და საწარმოსათვის სარგებლიანად აეშენებინა სახლი. ცხადია, მან ამ პროცესში პრიორიტეტი მიანიჭა იმ ვალდებულებებს, რომელთა შეუსრულებლობა უფრო მეტად აზარალებდა საწარმოს, ამიტომაც ძალისხმევა სწორედ ასეთი ვალდებულებების შესრულებისკენ მიმართა. მაშასადამე შ. ბახტაძისათვის წინასწარ ვერც იქნებოდა ნავარაუდები, რომ ზიანი (რაც გამოიყვანება ზარალისა და მოგების შეფარდებით) მიადგებოდა საწარმოს, ვინაიდან მეწარმის წინდახედულობით მას სწორად შეაფასა პრიორიტეტები და საერთო ჯამში, მიუხედავად, საგადასახადო ვალდებულებებით წარმოქმნილი უარყოფითი ეფექტებისა, მაინც საწარმოსათვის სარგებლიანად და წარმატებულად გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას: სახლი აშენდა გონივრულ ვადაში და შევიდა ექსპლოატაციაში, რაც არც თუ ისე იოლი ამოცანა გახლდათ განვლილ პერიოდში, თუკი გავითვალისწინებთ ამავე პერიოდში მომდინარე მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებულ ფინანსურ არასტაბილურობას და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საომარ მოქმედებებს. აღნიშნული ანომალიური მოვლენების გამო მოგეხსენებათ უამრავი მშენებლობა შეჩერდა და დღემდე მათ დასრულებას კვალი არ უჩანს.

საკასაციო პალატამ არ უნდა გაიზიაროს კასატორის მოთხოვნა ჯარიმა-საურავების სახით მოთხოვნილი თანხის დაკისრების თაობაზე, რადგანაც აღნიშნული ოდენობის ჯარიმა-საურავები გაანგარიშებულია საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის საფუძვლადაც მითითებული არ ყოფილა საგადასახადო ინსპექციის რაიმე აქტი. საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, ჯარიმა-საურავების დარიცხვის უფლებამოსილება გააჩნია საგადასახადო ორგანოს. ვინაიდან საქმეში სათანადო მტკიცებულება, საგადასახადო ორგანოს მიერ შედგენილი აქტი ჯარიმა-საურვების დარიცხვის თაობაზე არ მოიპოვება, მხოლოდ საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება გაზიარებული იქნას (იხ. საქმე #ას-289-273 -2011. 30 მაისი, 2011 წელი, ქ.თბილისი, სამოქალაქო საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი) ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე.

კვლავაც აქტუალურია ჩვენი მხრიდან საკითხი იმის თაობაზე, რომ თუკი სასამართლომ ბათილად ცნო შ. ბახტაძესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, თავისთავად შ. ბახტაძისათვის ზიანის სახით აღარ უნდა დაეკისრებია ამ ხელშეკრულების, როგორც ოპერაციიდან, მომდინარე შესაძლო საგადასახადო ვალდებულებები. გარიგების ბათილად ცნობა გულისხმობს მის გაუქმებას დადების მომენტიდან, შესაბამისად თუკი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტს წინ არ უძღვის ასეთი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად არსებული საგადასახადო ბრუნვა(უძრავი ქონების ნასყიდობა), დაკისრებული საგადასახადო ვალდებულება უსაფუძვლო, ხოლო გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება _ აღსრულების მიღმა დარჩება. ამ საკითხზე სააპელაციო პალატის მხრიდან მხოლოდ ბუნდოვანი პასუხია გაცემული და თავისთავად გაუგებარი დარჩა სასამართლო რატომ შევიდა საგადასახადო ადმინისტრირების საკითხებში(დეკლარაციის კორექტირება) მაშინ, როდესაც თუკი საგადასახადო ვალდებულება ისეც დაკისრებული აქვს საწარმოს ხსენებული ხელშეკრულებების მიზეზით, ამ ხელშეკრულებების ბათილობისას დადგება საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საკითხი, თუმცა საკითხავია, რა ბედი ეწევა შ. ბახტაძისათვის კორექტირებამდე და კორექტირების შემდეგ სასამართლოს მიერ შპს ,,ტალანტის”-ს სასარგებლოდ დაკისრებულ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. თუკი მოსარჩელეები ნებაყოფლობით უარს არ იტყვიან ასეთი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ცხადია, თავად სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებს იმას, რისი მიღების უფლებაც მას აღარ ექნება, რის გამოც წარმოეშვება უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტობრივი საფრთხე. აღნიშნული კი ხელოვნურად გამოიწვევს შ. ბახტაძის მხრიდან დამატებით, სავინდიკაციო სარჩელის აღძვრის აუცილებლობას და დამოუკიდებელი საქმის სასამართლო განხილვას. ამის მიზეზი კი გახდება მხოლოდ ის, რომ სასამართლომ ამ სამოქალაქო დავაში მიიკუთვნა ის უფლებები, რა უფლებამოსილებაც არ გააჩნდა და რითაც დაარღვია დავების განხილვის საპროცესო ეკონომიურობის პრინციპი.
ყოველივე ზემოთქმული ნაწილობრივ მიუთითებს ჩვენს საკასაციო საჩივარში დასმული საკითხების მნიშვნელობაზე სამართლის განვითარების თვალსაზრისით. ასევე მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად განსხვავდება მსგავსი კატეგორიის სამოქალაქო საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. ხოლო ნაწილობრივ, პირიქით _ჩვენს მიერ საკასაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები სრულად ეთანხმებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვარვან პრაქტიკას.




_ საკუთარ თავთან დადებული გარიგების საკითხზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად, წარმომადგენელს არა აქვს უფლება გარიგების ორივე მხარეს წარმოადგენდეს. მას არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა დადოს გარიგება. აღნიშნული ნორმა ზღუდავს წარმომადგენლობით ძალაუფლებას, რაც განპირობებულია წარმოდგენილი პირის ინტერესების დაცვით. აღნიშნულ დანაწესს აქვს ორი გამონაკლისი, ერთი, როდესაც საკუთარ თავთან გარიგების დადება მას ნებადართული აქვს და მეორე, როდესაც იგი ამით ასრულებს მხოლოდ ვალდებულებას.

კონკურენციის აკრძალვა პარტნიორთა დასაცავად არის დაწესებული და მათივე გადასაწყვეტია გამოიყენონ თუ არა ეს უფლება. ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლით დაწესებული კანონისმიერი აკრძალვა განპირობებულია წარმოდგენილი პირის ინტერესების დაცვით. ამდენად, დადგენილია, რომ შ. ბახტაძე წარმოადგენდა როგორც შპს „ტალანტი”-ს (დირექტორი), ასევე საკუთარ თავს. უდავოა, რომ შპს „ტალანტი”-ს“ შ. ბახტაძესთან ამ პერიოდში წარმოშობილი ჰქონდა კრედიტორუოლი ვალდებულება. მიუხედავად აღნიშნულისა, შ. ბახტაძისათვის არ მოუთხოვიათ აღნიშნული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, და არც თავად საწარმოს უთქვამს უარი სესხის ხელშეკრულებაზე. ამდენად, შ. ბახტაძეს გააჩნდა თანხმობა სესხის ხელშეკრულებისათვის. დადგენილია, რომ შპს ,,ტალანტი”-ს საქმიანობა წარიმართებოდა პარტნიორთა შეთანხმებული ინტერესებით და გადაწყვეტილებებიც პარტნიორთა კრებებზე ერთხმად მიიღებოდა. შესაბამისად, ვთვლით, რომ რომ შ. ბახტაძეს, როგორც „ტალანტი” -ს წარმომადგენელს, გააჩნდა უფლებამოსილება (ნებართვა) შ.ბახტაძესთან გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება, ანუ დაედო გარიგება საკუთარ თავთან(სასამართლო პრაქტიკისათვის იხ. საქმე #ას-1043-977-10. 21 იანვარი, 2011 წ. ქ. თბილისი. საქ. უზენ. სასამართ. სამოქალაქო საქმეთა პალატა , შემადგენლობა: ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი, პ. ქათამაძე).
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ შ. ბახტაძეს საკუთარ თავთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაუდია იმ მიზნით, რომ ზიანი მიყენებოდა საწარმოს. პირიქით, მან ამ ხელშეკრულებით შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საწარმოს მზარდი ვალდებულებები და ამავდროულად შენატანი ფულადი თანხა მოხმარდა სამშენებლო სამუშაოების კვლავწარმოებას(იხ. ასევე . საქმე #ას-319-303-2011. 21 ივნისი, 2011 წელი ქ.თბილისი , სამოქალაქო საქმეთა პალატა, შემადგენლობა: ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი , მომხსენებელი) მოსამართლეები: ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე).


_ შ. მახარაძესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხზე.


საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს ,,ტალანტსა” და შოთა მახარაძეს შორის დადებული გარიგება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, თუმცა კასატორი ვერ მიუთითებს თუ რაში მდგომარეობს გარიგაბაში მონაწილე მხარეების თვალთმაქცურობა.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოჩვენებითი გარიგება ნების ნაკლის მქონე ბათილი გარიგების ერთერთი სახეა. ამ ტიპის გარიგებების ნაკლი ისაა, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მათ რეალურ განზრახვას არ შეესაბამება. ნების ნაკლს მრავალი გარემოება შეიძლება ადასტურებდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56.2 მუხლის თანახმად თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). როგორ სარჩელში ისე საკასაციო საჩივარში მოსარჩელე არ ასახელებს თუ რა გარიგება დაფარეს მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების თითქოსდა მოჩვენებითად გაფორმებისას; რა შინაარსის გარიგების დადება სურდათ და ფორმალურად(ფიქტიურად) რა გარიგება გააფორმეს. რაც შეეხება გარიგების მოჩვენებით ხასიათზე მითითებას, აღსანიშნავია, რომ. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)(სკ-ის 56.1. მუხლი). კასატორი რეალურად ვერ ასახელებს მტკიცებულებებს თუ რაში მდგომარეობს შ. მახარაძესთან გაფორმებული ხელშეკრულების მოჩვენებითობა, ასევე ვერ ასახელებს გარემოებებს, მოტივებს თუ რატომ, რა ინტერესით შეიძლებოდა მხარეებს შორის დადებულიყო მოჩვენებითი გარიგება.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე საბოლოო ჯამში ვერ გარკვეულა რა ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლით შეედავოს შ. მახარაძეს. შ. მახარაძისთან დაიდო მოჩვენებითი თუ თვალმაქცური გარიგება. როგორ თავდაპირველ სარჩელში, ისე შემდგომ დაზუსტებებში მოსარჩელე არსად არ მიუთითებს სამართლებრივ საფუძვლებზე, არც იმ გარემოებებზე, რაც შექმნიდა მოჩვენებითი ანდა თვალმაქცური გარიგების ფაქტობრივ საფუძვლებს. თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებში მაინც გვხვდება მასჯელობა შ. მახარაძესთან გაფორმებული ხელშეკრულების მოჩვენებითსა თუ თვალმაქცური ხასიათის ირგვლივ და სასამართლო ამ საკითხზე აკეთებს დასკვნას, რომ მოსარჩელეს ამ მიმართებით რაიმე უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სსამართლოს ამგვარ დასკვნებზე რაიმე პრეტენზია არ გამოთქმულა მოსარჩელეთა მხრიდა. შესაბამისად, ამჯერად საკასაციო ინსტანციაში კვლავ გააქტიურება გარიგების მოჩვენებითობისა თუ თვალმაქცურობის ირგვლივ მიანიშნებს იმაზე, რომ კასატორს შესადავებელი აღარ დარჩა შ. ბახტაძის, როგორც საწარმოს დირექტორის უფლებამოსილების ირგვლივ და კვლავ უბრუნდება იმ საფუძვლებს, რის ირგვლივ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. სარჩელში მხარე უთითებს მხოლოდ ერთ გარემოებაზე, რომ შ. ბახტაძეს წესდებით ჰქონდა რა შეზღუდული უფლებამოსილება, უფლება არ ჰქონდა პარტნიორებთან თანხმობის გარეშე, არამართლზომიერად დაედო გარიგება შ. მახარაძესთან(სკ-ის 54 მუხლი). ეს ბოლო არგუმენტი კი სააპელაციო სასამართლომ მართებული მოსაზრებებით უარყო, რასაც კასატორი აღარ დაბრუნებია.

კასატორი მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგაც გაყიდულ ფართს ისევ შ. ბახტაძე ფლობს, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია; თითქოს ამ ფართს მეთვალყურეობს შ. ბახტაძის სიძე და ა.შ. რადგან შ. მახარაძეს მითითებულ ფართში სარემონტო სამუშაოები არ უწარმოებია, ესეიგი შეძენილი ფართი არ მიუღია და ა.შ. _ ასკვნის კასატორი. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ მოწმე ჯიხვაშვილი მართლაც დაიკითხა საქალაქო სასამართლოს მიერ, მაგრამ მან სრულიად საწინააღმდეგო ჩვენება მისცა, ვიდრე ამაზე კასატორი საუბრობს. კერძოდ, სასამართლო სხდომის ოქმში გაფიქსირებული ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჯიხვაშვილი პირადად იცნობს შ. მახარაძეს, რომელსაც ბინა გააჩნია მე-3 სართულზე. ხოლო ამ ბინას დღესდღეობით მეთვალყურეობას უწევს მისი სიძე. ანუ მოწმემ დაადასტურა შ. მახარაძის მიერ ნასყიდობის საგნის მიღებისა და დაუფლების ფაქტი და გარეშე პირებთან თავი წარმოადგინა კიდეც შესყიდული უძრავი ქონების მესაკუთრედ. რაც შეეხება ფულადი თანხის გადახდას შ. მახარაძის მხრიდან, აღნიშნული სადავო არ გამხდარა როგორც აუდიტის, ისე ექსპერტიზის დასკვნებით. კასატორი ამ მიმართებით ვერც ახლა ასახელებს რაიმე ნიშანდობლივ გარემოებას, რაც უშუალოდ მიუთითებდა ნასყიდობის ფასის გადაუხდელობაზე. საკატორი მუდმივად ოპერირებს საწარმოს შემოსავლის ორდერების მონაცემებით, ფულადი სახსრების საწარმოს სალაროში შემოტანისა და გატანის თარიღებზე, თუმცა რა დასკვნა გამომდინარეობს ყოველივე აღნიშნულიდან, აღარ ამბობს. ხშირ შემთხვევაში კასატორის მოსაზრებები ამ მხრივ საკმაოდ სცილდება ფაქტების აღქმის რეალურ წარმოსახვას და მუდმივად აკვიატებული ეჭვიანობის პათოსით ოპერირებს. საბუღალტრო საქმის წარმოების ფორმებსა და სახეებზე მითითება რა კავშირშია ნასყიდობის თანხის გადახდის დადგენასთან სრულიად გაუგებარი დარჩა. ამასთანავე, თუკი მხარე ასე გულმოდგინედ ეპყრობოდა აღნიშნულ საკითხს, შესაბამისი შეკითხვით უნდა მიემართა ექსპერტისათვის ან/ და აუდიტისათვის, რომლებით ალბათობით მაღალი ხარისხით გამოარკვევდნენ ხსენებულ საკითხს.

ასევე განვმარტავთ, რომ თვალთმაქცურ გარიგებას იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ დადებული გარიგებით იფარება სხვა გარიგება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა, თუ რა გარიგება დაიფარა მოპასუხეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით.

მიგვაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლები, ვერ დაადასტურა, თუ რაში გამოიხატა გარიგების მოჩვენებითობა ან თვალთმაქცურობა, ვინაიდან სადავო გარიგებას მოჰყვა რეალური იურიდიული შედეგი და მყიდველი აღირიცხა შეძენილი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. ჩვენი მოსაზრებით, მოსარჩელემ ასევე ვერ დაასაბუთა შ.მახარაძის არაკეთილსინდისიერება მოცემული გარიგების დადებისას. ის ფაქტი კი, რომ შემძენი ნაყიდ სახლში არ ცხოვრობს, არ განაპირობებს გარიგების თვალთმაქცურობას(იხ. სასამართლო პრაქტიკა: საქმე # ას-1078-1010-2010 . 13 იანვარი, 2011 წელი ქ. თბილისი. საქ. უზ. სასამ. სამოქალაქო საქმეთა პალატა შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი) ვ. როინიშვილი, თ. თოდრია).


_ აღიარებით სარჩელში კანონიერი ინტერესის მიუთითებლობის საკითხზე.


მოგეხსენებათ უძრავ ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის კატეგორიას, თუმცა მოსარჩელეებს არ თავდაპირველ და არც შემდგომ სასარჩელო განცხადებებში არა არქვთ მითითებული რა კანონიერი ინტერესის მიღწევა სურთ ხსენებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობით. ცხადია მოსარჩელეს უნდა დაესაბუთებია დღევანდელ პირობებში დასახელებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობით მიღწეული შედეგით რა იურიდიულ ინტერესს იკმაყოფილებს.




დანართი: სასამართლო პრაქტიკის მასალები: განცხადებაში დასახელებული საქ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.

რევაზ რიჟამაძე