საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად(ნების გამოვლენის განმარტება)გარიგებაში მხარეთა ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ამავე კოდექსის 72-73-ე და 75-ე მუხლების თანახმად კი (შეცდომით დადებული გარიგებანი), გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.
არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად. შეცდომა უფლებაში არსებითი მნიშვნელობისაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარიგების დადებისას ერთადერთი და მთავარი საფუძველი იყო.
განსახილველ შემთხვევაში ბ. ბრეგვაძისა და ნ. წიწილაშვილის ახსნა-განმარტებებით, მოწმე მ. კურტანიძის ჩვენებით დგინდება, რომ ბ. ბრეგვაძეს მიერ ნ. წიწილაშვილზე მინდობილობის გაფორმებისას არ არსებობდა საცხოვრებელი ბინის გასხვისების, გაყიდვის რაიმე წინაპირობები, აუცილებლობა, რომლებიც მიუთითებდნენ ბინის გაყიდვის ან დაგირავების (იპოთეკით დატვირთვის) შესაძლო მიზანზე. ბ. ბრეგვაძემ ესპანეთში გამგზავრების ხარჯებისათვის ფული ისესხა თამარ კუჭუაშვილისაგან და ესპანეთში სამუშაოდ გაემგზავრა, რათა ოჯახისათვის დანაზოგი გაეკეთებია. მან ბავშვები დატოვა ნ. წიწილაშვილთან თავისივე ბინაში, რათა ბავშვებს ესწავლათ ქ. თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში. თ. კუჭუაშვილს დათქმულ ვადაში სესხი გაუსტუმრა, ხოლო ახალი ფულადი თანხის სესხება არ დაჭირვებია. ესპანეთში საცხოვრებლად სამუდამოდ წასვლაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი. ამის საპირისპირო რაიმე გარემოება მოწინააღმდეგე მხარის მიერ საქმეში არ წარმოდგენილა.
აშკარაა, რომ ბ. ბრეგვაძე შეცდა უფლებაში. მან არ იცოდა ის, რომ შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთ გარიგებაში(იპოთეკა) წარმომადგენლობა დაევალებია ნ. წიწილაშვილისათვის. სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ გარიგება არ იდება მყისიერად, იგი გარკვეულ პროცედურებს გადის, ნოტარიუსი უკითხავს გარიგების შინაარსს, მერე მხარე თავად კითხულობს გარიგების ტექსტს და ა.შ. თუმცა მხედველობიდან რჩება თუ პრაქტიკულად როგორ ხდება მინდობილობის გაფორმება. მინდობილობის სათანადო ტიპური ფორმა გააჩნია თავად ნოტარიუსს. იშვიათად ხდება, რომ მოქალაქემ მისი შინაარსის შეკვეცა და მასში მხოლოდ სპეციალური მოქმედებების შეტანა მოითხოვოს. ასეთს მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როცა მარწმუნებელი სრულყოფილად არ ენდობა რწმუნებულს, არ იცნობს კარგად, მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა არ აკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში ნ. წიწილაშვილი წარმოადგენდა ბ. ბრეგვაძის ცოლის დას, მათ შორის მაღალი ნდობის ფაქტორი არსებობდა, ცხადია ასეთის გარეშე მას არც შვილებს დაუტოვებდა მოსავლელად. ამიტომ, ბუნებრივია, ბ.ბრეგვაძეს, ობიექტურად, ვერ გაუჩნდებოდა აზრი, რომ ნ. წიწილაშვილთან მინდობილობის ტექსტი შეეკვეცა, რათა საერთო(გენერალური) ტიპის მინდობილობით ამ უკანასკნელს ბოროტად არ ესარგებლა.
სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ მინდობილობის ტექსტს, მასში საკანონმდებლო ტერმინებით გადმოცემულ ფორმალურ-ნორმატიულ ნებას და მიიჩნევს, რომ რადგან ამ ტექსტის მინდობილობას ხელს აწერს ბ. ბრეგვაძე, შესაბამისად ნებაც სრულად და სწორად აქვს გამოხატული. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ხომ საცილოდ არ გავხდიდით მას? და თუ საცილო გახდა, მაშასადამე, მასში ბ. ბრეგვაძის მიერ გამოხატული ნების განმარტებისას კვლავ ამ მინდობილობის სიტყვა-სიტყვით მნიშვნელობაზე საუბარი აშკარად არგუმენტმოკლებულად გამოიყურება. ბ. ბრეგვაძეს რომ სცოდნოდა, სადაო მინდობილობით მან ნ. წიწილაშვილს გადასცა არამარტო იპოთეკის ხელშეკრულების შესრულების, არამედ ბინის განკარგვის სრულფასოვანი უფლებამოსილებაც, ცხადია, ასეთ მინდობილობას ის არ გააფორმებდა.
უფლებაში შეცდომა ბ. ბრეგვაძეს კანონის უცოდინრობით და მისი არასწორი გაგებით მოუვიდა. ანდა ბ. ბრეგვაძემ ნათლად არ გამოხატა საკუთარი ნება, როცა მინდობილობის ოფიციალურად შეწყვეტა მოითხოვა ნოტარიუსთან? რაც განახორციელა კიდეც. ბ. ბრეგვაძემ საკუთარ ახსნა-განმარტებაში სრულად დამაჯერებლად განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ნ. წიწილაშვილთან მინდობილობის გაუქმება. ჯერ ერთი, რომ მინდობილობით დავალებული მოქმედება - თ. კუჭუაშვილთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შეწყდა უშუალოდ მისი(ბ. ბრეგვაძის მიერ) შესრულებით, მეორეც, ბ. ბრეგვაძისათვის ცნობილი გახდა, რომ ნ. წიწილაშვილმა მუშაობა დაიწყო უძრავი ქონების სააგენტოში და მან გააცნობიერა რომ ასეთი ზოგადი შინაარსის მინდობილობა ნ. წიწილაშვილს შეიძლება ბოროტად გამოეყენებინა და გაესხვისებინა ბ. ბრეგვაძის კუთვნილი ბინა. ეს, რომ ნამდვილად ასე გახლდათ, ამაზე მეტყველებს არა მარტო ბ. ბრეგვაძის ახსნა- განმარტება, არამედ მოწმე მ. კურტანიძის ჩვენებაც, საქმეში არსებული თ. კუჭუაშვილთან იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტის საჯარო-სარეგისტრაციო მონაცემებისა და მინდობილობის გაუქმების თარიღთა თანმიმდევრობა. თუკი ბ. ბრეგვაძეს მართლაც სურდა საკუთარი ბინის სხვა გარიგებაში მონაწილეობა ნ. წიწილაშვილს მინდობილობას არ გაუუქმებდა, ან თავად გაყიდდა ან დატვირთავდა მას.
აქვე განვმარტავთ, რომ ხელშეკრულებით მინდობილი პირი (რწმუნებული) სსკ-ის 709-ე მუხლით ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება. ნ.წიწილაშვილმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით შეასრულა იმგვარი მოქმედება, რაც მარწმუნებლის ნებას არ შეესაბამებოდა. ბ. ბრეგვაძესა და ა. მარიამიძეს შორის არ არსებობდა არავითარი ვალდებულება, რის გამოც ბინის გადაცემა ა. მარიამიძეზე ყოველგვარი იურიდიულ საფუძველს მოკლებულია.
მინდობილობის ხელშეკრულების კანონიერების შემოწმების მიზნით და იმის დასადგენად, კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს თუ არა მოჩვენებით ანდა თვალთმაქცურ გარიგებას, უპირველეს ყოვლისა გასამახვილებელია ყურადღება იმ თავისებურებებზე, რომლებიც ახასიათებს, როგორც მოჩვენებით, ასევე თვალთმაქცურ გარიგებებს. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სკ-ის 56-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებების ბათილად ცნობისათვის არსებობს სხვადასხვა მოთხოვნები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოჩვენებითი გარიგებით მხარეებს არა აქვთ განზრახვა, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. ამ შემთხვევაში სასამართლო ადგენს მხარეთა მიერ ამ გარიგებით დასახული მიზნის მართებულობას. თვალთმაქცური გარიგების ბათილობის დადგენისათვის სასამართლომ უნდა დაადგინოს დაფარული გარიგებით გათვალისწინებული უფლება-ვალდებულებები და ამ გარიგების მიმართ მოქმედი წესები. ხელშეკრულება ერთდროულად წარმოშობს ურთიერთობებს და, ამასთან ერთად, არის ხელშეკრულების მხარეთა შემდგომი მოქმედებების რეგულატორი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო მინდობილობის ხელშეკრულებით მხარეებს არ სურდათ ბინის გასხვისება და აღნიშნული გარიგება წარმოადგენს გარანტიას, მან უნდა დაადგინოს დაფარული გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი ურთიერთობები და მის მიმართ მოქმედი წესები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დასაფარავად გამოყენებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხის განხილვა.
ამდენად, იმისთვის, რომ დადგინდეს ნების ნაკლის საფუძველზეა თუ არა დადებული სადავო მინდობილობის (დავალების) ხელშეკრულება, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს კონკრეტულად ერთის მხრივ ბ. ბრეგვაძე და ნ. წიწილაშვილი, და მეორეს მხრივ ნ. წიწილაშვილი და ა. მარიამიძე რა ურთიერთობებზე შეთანხმდნენ. ნების გამომვლენს და ნების მიმღებს სურდათ თუ არა სადავო გარიგებით მიეღწიათ შედეგისთვის. იმ შემთხვევაში, თუ სადავო მინდობილობის (დავალების) ხელშეკრულება დადებული იყო სხვა გარიგების დასაფარავად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რომელი გარიგება იყო დადებული, ე.ი. გარიგება, რომლის განხორციელებასაც ისინი რეალურად ისახავდნენ. ამ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.
მოცემულ საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ბ. ბრეგვაძემ ერთი კონკრეტული დავალების შესრულების ნაცვლად ნ. წიწილაშვილს შეცდომით გადასცა მინდობილობა თავისი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილების შესახებ, ხოლო ამ უკანასკნელმა ისარგებლა რა ამ შეცდომით, სადავო ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა ა. მარიამიძეს. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილებით ბ. ბრეგვაძესა და ნ. წიწილაშვილს შორის 2008 წლის 26 ივნისს დადებული მინდობილობის ხელშეკრულება, როგორც შეცდომით დადებული გარიგება, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
1. დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ ბ. ბრეგვაძე სადავო ბინის მესაკუთრე გახდა 2003 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2006 წლის 06 დეკემბერს საჯარო რეესტრში მითითებული ბინის მესაკუთრედ რეგისტრაციაში გატარდა ბ. ბრეგვაძე. სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში კანონის მითითებული ნორმა დაცულია და ბ. ბრეგვაძე ითვლება სადავო ბინის მესაკუთრედ.
2. დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ ბ.ბრეგვაძის მიერ თ. კუჭუაშვილთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულებასთან და ბ. ბრეგვაძის ესპანეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელმა დავალების ხელშეკრულება(მინდობილობა) გაუფორმა ნ. წიწილაშვილს. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გადაეცა მისთვის მხოლოდ კონკრეტული იპოთეკის ხელშეკრულების მისი სახელით შესრულების უფლებამოსილება, შეცდომით გაუფორმა გენერალური მინდობილობა მისი ქონების მართვისა და განკარგვის თაობაზე.
სკ-ს 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბ. ბრეგვაძემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულებაში უფლებამოსილების განხორციელების ნაცვლად ნ. წიწილაშვილს შეცდომით გადასცა მისი საკუთრების განკარგვის შესახებ გენერალური რწმუნება, ნ. წიწილაშვილს არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა ისეთი მოქმედება, რომელიც ბ.ბრეგვაძის მიერ გამოხატული ნებიდან არ გამომდინარეობდა, ამიტომ მითითებული ხელშეკრულება დადების მომენტიდანვე საცილო იყო.
სკ-ს 72-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ცხადია, რომ ბ. ბრეგვაძემ ეს გარიგება დადო არსებითი შეცდომის საფუძველზე. კერძოდ, მას სურდა ნ. წიწილაშვილთან დაედო გარიგება თ. კუჭუაშვილთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულებაში წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ შეცდომით გააფორმა გენერალური მინდობილობა თავისი უძრავი ქონების ყველა ფორმით განკარგვის უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე.
მინდობილობა არ იყო შედგენილი იმ განზრახვით, ანუ იმ მოქმედებათა შესრულების ნებართვის თაობაზე, რაც მინდობილობაში იყო მითითებული, ანუ თუ მივიჩნევთ, რომ ნ. წიწილაშვილს მინდობილობა თუნდაც გადაცემოდა ბ.ბრეგვაძის თ. კუჭუაშვილის მიმართ ვალის უზრუნველყოფის მიზნით(მოვალის გარანტია), ნ. წიწილაშვილს არ ჰქონდა ბ. ბრეგვაძის კუთვნილი ბინის გაყიდვის უფლება. ასეთ შემთხვევაშიც კი ამგვარი მინდობილობის გაცემა ბ. ბრეგვაძის მხრიდან წარმოადგენდა მხოლოდ უზრუნველყოფის საშუალებას და არა ნებართვას თავისი უძრავი ქონების ყოველგვარი ფორმით რეალიზაციის უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე.
ამრიგად, უნდა დადგინდეს, რომ ბ. ბრეგვაძემ ამ მინდობილობის გაცემის დროს დაუშვა შეცდომა. სკ-ს 73-ე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, არსებით შეცდომად ითვლება გარემოება, როდესაც პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადება მას სურდა. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. ამ ნორმის შესაბამისად, შეცილება ხდება მეორე მხარის წინაშე ნების გამოვლენით – განცხადების გაკეთებით. მოცემულ შემთხვევაში 2008 წლის 26 ივნისის დავალების ხელშეკრულების შეცილების უფლება ბ. ბრეგვაძეს მიეცა მაშინ, როცა მან სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლისგან შეიტყო, რომ მისი კუთვნილი ბინა საჯარო რეესტრში ა. მარიამიძის სახელზე იყო აღრიცხული, ხოლო 2010 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში უშუალოდ ნ. წიწილაშვილისგან მიიღო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების 1 ეგზემპლარი, რის შემდეგაც სარჩელის უზრუნველყოფის თხოვნით მომართა კიდეც სასამართლოს. ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ბ.ბრეგვაძისათვის ცნობილი გახდა, რომ 2008 წლსი 26 ივნისს ნ. წიწილაშვილზე გაცემულ მინდობილობაში მას დაშვებული ჰქონდა შეცდომა გარიგების შინაარსში, რის გამოც ნ. წიწილაშვილს შეცილების თაობაზე მაშინვე განუცხადა და ამასთან განუმარტა, რომ მისი ქცევა წარმოადგენდა უკანონო ქმედებას, რის გამოც სარჩელით მიმართავდა სასამართლოს. აქედან გამომდინარე შეცილება განხორციელებულია კანონით დადგენილ ვადაში. გარიგების ბათილობას იწვევს მხოლოდ არსებითი შეცდომა, რომელიც სერიოზული შეცდომაა. მისი შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები. ერთ-ერთ ასეთ კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ როგორ ზომებს მიიღებდა გონიერი ადამიანი, დადებდა თუ არა მსგავს ურთიერთობაში, ასეთ შემთხვევაში სხვაგვარ გარიგებას. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ნ. წიწილაშვილთან ბ. ბრეგვაძე არცერთ შემთხვევაში არ დადებდა ხელშეკრულებას მისთვის მინდობილი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის თაობაზე, ვინაიდან მას სურდა ამ ქონებასთან დაკავშირებით მხოლოდ ნ. კუჭუაშვილთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულებაში წარმომადგენლად ნ. წიწილაშვილის დაშვება. ასეთი უფლებამოსილების მიცემისათვის კი საჭირო არ იყო ნ. წიწილაშვილისათვის გადაეცა უძრავი ქონების მართვისა და გასხვისების უფლებამოსილებაც.
სკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუ კი იგი შეცილებული იქნება. ვინაიდან მითითებული გარიგება შეცილებულ იქნა შეცილების უფლების მქონე პირის მიერ, იგი ბათილია მისი დადების მომენტიდან, ანუ 2008 წლის 26 ივნისიდან.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა იპოთეკის ხელშეკრულებიდან ბ. ბრეგავძის გასვლის თაობაზე. ბ. ბრეგვაძე გასულად ჩაითვალოს ნ. წიწილაშვილსა და ა. მარიამიძეს შორის 2010წ. 05 მარტს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, ბ. ბრეგვაძის მიერ ამ ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო.
სკ-ს 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს, ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. სკ-ს 709-ე მუხლის საფუძველზე, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ნ. წიწილაშვილი უფლებამოსილი არ იყო განეკარგა ბ.ბრეგვაძის ქონება მიუხედავად იმისა, რომ ამის განხორციელების შესახებ გააჩნდა ამ უკანასკნელის მიერ გაცემული მინდობილობა, ვინაიდან ნ. წიწილაშვილმა იცოდა, რომ ამ შინაარსის მინდობილობა გაცემული იყო შეცდომით. მართალია, სკ-ს 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც, მაგრამ ამ ნორმის მეორე წინადადების შესაბამისად, წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს, ანდა წარმოშობილი უნდა იყოს დავალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, 2008 წლის 26 ივნისის დავალების ხელშეკრულება კანონიდან არ გამომდინარეობდა და არც დავალების საფუძვლიდან, კერძოდ, ნ. წიწილაშვილისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო მინდობილობა მას გადაეცა მხოლოდ თ. კუჭუაშვილთან ბ. ბრეგვაძის მიერ გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულების მიზნით და არა სხვისი ქონების გასხვისებისათვის, ნ. წიწილაშვილს ამ მინდობილობის საფუძველზე არ გააჩნდა უფლება ბ. ბრეგვაძის ქონების გასხვისებისა, მით უფრო ბ. ბრეგვაძის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არა თუნდაც თ. კუჭუაშვილთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულების მიზნით, არამედ უშუალოდ ნ. წიწილაშვილის სრულიად განკერძოებული, მარწმუნებლის უფლება-მოვალეობებიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად.
ამასთან, მინდობილობა შეიძლება გაიცეს როგორც ზეპირად, ისე – წერილობით. მინდობილობის შინაარსი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის ურთიერთობა უდევს საფუძვლად ამ უფლებამოსილებას. წარმომადგენელი მოქმედებს წარმოდგენილი პირის ინტერესებისათვის და შესაბამისად, მის მიერ დადებული გარიგება უნდა შეესაბამებოდეს წარმოდგენილის ინტერესებს. თუ კი იგი არ შეესაბამება წარმომდგენის ინტერესებს, მაშინ გარიგება უნდა ჩაითვალოს წარმომადგენლობით უფლებამოსილების გარეშე დადებულ მოქმედებად. სკ-ს 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. მოცემულ შემთხვევაში ნ. წიწილაშვილს გააჩნდა რა საცილო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ შეცდომით დადებული გარიგება, რის შესახებაც მისთვისაც ცნობილი იყო ამ გარიგების დადებისთანავე, ჯერ ერთი, მას უფლება არ ჰქონდა, ბათილი მინდობილობის საფუძველზე დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება მარწმუნებლის სახელზე, მეორეც, როცა ნ. წიწილაშვილმა ნასყიდობის ხელშეკრულება დადო ა. მარიამიძესთან ბ. ბრეგვაძის სახელით, იგულისხმება, რომ მან ნასყიდობის ხელშეკრულება ა. მარიამიძესთან გააფორმა ისე, რომ არ გააჩნდა საამისო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.
სკ-ს 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. ვინაიდან 2010 წლის 05 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში წარმოდგენილია რა ბ.ბრეგვაძე, რომელმაც არ მოიწონა ეს ხელშეკრულება, თავისთავად იგი არ არის ნამდვილი. ამ შემთხვევაში სახეზე შეიძლება იყოს მხოლოდ საკუთარი სახელით დადებულ ხელშეკრულება და გამორიცხულია მისი კავშირი ამ სახელის ნამდვილ მატარებელ ბ.ბრეგვაძესთან.
სკ-ს 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვინაიდან ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ ბ. ბრეგვაძეს, ანუ წარმოდგენილ პირს, მას უფლება აქვს უარი თქვას 2010წ. 05 მარტის ხელშეკრულებაზე და გავიდეს ხელშეკრულებიდან(იხ. სასამართლო პრაქტიკისათვის ანალოგიურ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე #3კ-313-03, მოსარჩელე: თ. ანთიძე; მოპასუხე: ნ. პაპიაშვილი; დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინიდან გამოსახლება).
სკ-ს 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არის აუცილებელი დროის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა და ცხადია, რომ ბ. ბრეგვაძის მხრივ დამატებითი ვადის დაწესებას სადავო ხელშეკრულებაში მითითებული ნივთის დაბრუნების შესახებ არავითარი შედეგი არ მოჰყვება და ხელშეკრულებიდან გასვლა დამატებითი ვადის მიცემის გარეშეც შესაძლებელია.
სკ-ს 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ(ნატურით დაბრუნება). ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ბ. ბრეგვაძე უფლებამოსილია გავიდეს 2010წ. 05 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, რის შემდეგაც მას დაუტვირთავი დაუბრუნდება თავისი უძრავი ნივთი, ხოლო იგი არ არის ვალდებული დაუბრუნოს ხელშეკრულებაში მითითებული სესხის ღირებულება ა. მარიამიძეს, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ამ სესხის ღირებულება მიღებული აქვს ბ. ბრეგვაძეს.
შესაბამისად სასამართლომ დადებულად უნდა ცნოს სესხის ხელშეკრულება ა. მარიამიძესა(გამსესხებელი) და ნ. წიწილაშვილს (მსესხებელი) შორის და არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხოლო თუკი უპირატესობას პირველი სახის ხელშეკრულების არსებობას მიანიჭებდა, მაშინ უნდა ემსჯელა შემდეგ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც ბ. ბრეგვაძის იპოთეკის ხელშეკრულებიდან გასვლაა მოთხოვნილი.
რევაზ რიჟამაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий